მეცნიერული პრიორიტეტების შესახებ
Abstract
ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.) ხშირად ვხვდებით უზუსტობებსა თუ შეუსაბამობებს, დაკავშირებულს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი სიახლის საავტორო პრიორიტეტთან. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის [1], დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის შექმნის [2], რადიოაპარატის კონსტრუირების [3,4], კლასიკური რომანების “წყნარი დონისა” და “დათა თუთაშხიას”დაწერის [5-7], ოპერა „სოფლის ღირსების“ შექმნის [8] და ცივილიზაციის სულიერ თუ მატერიალურ ასპექტში წინსვლისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე ბევრ სხვა საკითხში პირველაღმომჩენის თუ ჭეშმარიტი ავტორის ვინაობის დადგენა. წინამდებარე ნაშრომში განხილულია მეცნიერული პრიორიტეტის საკითხი. იგი ჩაფიქრებული და რეალიზებულია გაცილებით ვრცელი სამეცნიერო სტატიის სახით; მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, აქ წარმოდგენილია საგაზეთო სტატიის სპეციფიკიდან გამომდინარე შემოკლებული ვარიანტი. ამ თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისათვის ბიძგი მოგვცა ადრინდელი (როგორც ჩანს, ე.წ. საბჭოური პერიოდის) ნაშრომის ფრაგმენტების აღმოჩენამ. მათი სიმწირე საშუალებას არ იძლევა იდენტიფიცირებულ იქნას ავტორი, გამომცემლობა და სტატიის სათაურიც კი. მიუხედავად ამისა, ამ ფრაგმენტებში მოძიებული მეცნიერული მასალის უნიკალურობამ გადაგვაწყვეტინა, არ დავლოდებოდით ავტორის ვინაობის დასადგენად ბიბლიოგრაფთა, ჟურნალისტთა, მეცნიერების ისტორიკოსთა და ფსიქიატრთა კვლევების შედეგებს და განგვეხილა მისი თეორია ჩვენს ორიგინალურ მოსაზრებებთან ერთად.