კლიმატის ცვლილების მიზეზები და ძირითადი გეოგრაფიული შედეგები საქართველოში მაია ბლიაძე
Abstract
კლიმატის ცვლილება, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. იგი ხანგრძლივი დროის (10 წლიდან მილიონი წლის პერიოდი) განმავლობაში კლიმატის ცვლილებაა მთლიანად დედამიწაზე, ან მის ცალკეულ რეგიონებში. კლიმატის გლობალური ცვლილება დედამიწაზე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურის მატებით გამოხატება. კლიმატის ცვლილების მიზეზია დედამიწაზე მიმდინარე დინამიკური ცვლილებები.
დედამიწის კლიმატი ათწლეულების, საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში იცვლებოდა და იცვლება. ეს გამოწვეულია მზის სისტემაში დედამიწის პოზიციისა და მოძრაობის ცვლილებებით, მზის სიკაშკაშით, ორბიტის პარამეტრებით და დედამიწის ბრუნვის სიჩქარით მისი ღერძის გარშემო, კონტინენტებისა და ოკეანეების ზომითა და ფარდობითი პოზიციით, ვულკანური აქტივობის გავლენით ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე, მის შემადგენლობაზე და სხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით.
კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა განსაკუთრებით სწრაფად გასული საუკუნის შუა ხანებიდან ვლინდება, რაც ტემპერატურის გლობალურ მატებასთან არის დაკავშირებული და ადამიანის საწარმოო საქმიანობისა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაციის შედეგად დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი აირის გადაჭარბებული კონცენტრაციით დაგროვებითაა გამოწვეული. წიაღისეული საწვავის წვის, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ატმოსფერული დაბინძურება სათბურის ეფექტის ზრდას იწვევს. ანთროპოგენური სათბურის გაზების ემისიებმა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2), მეთანისა (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O) კონცენტრაციის მკვეთრი გაზრდა გამოიწვია წინაინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით. ბუნებრივი ლანდშაფტების ტრანსფორმაცია, ტყეების განადგურება, მიწის უზარმაზარი მასივების ხვნა დედამიწის არეკვლის შესაძლებლობისა და ატმოსფერული ჰაერის აირების შემადგენლობის ცვლილებას იწვევს.
კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებები ჩვეულებრივ გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მოდელების საფუძველზე ფასდება. შეფასების ხარისხი კომპიუტერების ტექნიკური შესაძლებლობების გშესახებ აუმჯობესებასთან ერთად სულ უფრო სრუყოფილი ხდება და ამინდის შესახებ ახალი მონაცემებიც უფრო დეტალურად გროვდება. თუმცა, ამ მოდელების სიზუსტე ჯერ კიდევ არ არის მაღალი, თუნდაც გლობალურ დონეზე გამოთვლებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის შესაძლო ცვლილებები. ყველა ეს გარემოება მხედველობაში მიიღება სხვადასხვა სცენარის შედგენისას.