რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას
Abstract
კარტოგრაფია მეცნიერებაა ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.
კარტოგრაფია სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას იყენებს. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელიწარმოადგენს, რასაც მეცნიერებაში და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.
მთელი სინამდვილის შესაბამისად, კარტოგრაფია და რუკები ორ დედამიწისეულ და კოსმოსურ ჯგუფად იყოფა. პირველში გეოგრაფიული კარტოგრაფია და გეოგრაფიული რუკები, ხოლო მეორეში - ასტრონომიული კარტოგრაფია და ასტრონომიული რუკები შედის. რეალური სინამდვილის კონკრეტულ სივრცეს აქვს გარკვეული სტრუქტურა. მისი ელემენტებია ათვლის სივრცითი სისტემა, და მის მიმართ ურთიერთგანლაგების დროში ცვალებად წესრიგში მყოფი საგნები და მოვლენები.
შესაბამისი სტრუქტურა აქვს იმავე სინამდვილის კარტოგრაფიულ გამოსახულებასაც (რუკას). გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის ათვლის სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწის საკოორდინატო ბადე - გრადუსთა ბადე, რომლის გამოხატულება სიბრტყეზე - კარტოგრაფიული ბადე - გეოგრაფიული რუკის მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენს და გარკვეული კარტოგრაფიული პროექციის დახმარებით მიიღება.
გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (მაგ., ოკეანეები და ხმელეთი, მდინარეთა ქსელი, რელიეფი, დასახლებული ადგილები და სხვ.), მოვლენების (მაგ., ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირული ჩამონადენი, და სხვ.), მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა, და ა.შ. გამოსახულებებს კარტოგრაფიული ბადის მიმართ ზუსტად ისეთივე განლაგება აქვს რუკაზე, როგორც სინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაც მას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.